ოფიციალურად: მადრიდის "რეალის" ლეგენდა "ლა ლიგის" ერთ-ერთი კლუბის პრეზიდენტი გახდა
„ვალიადოლიდმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ყოფილი თავდამსხმელი რონალდო კლუბის პრეზიდენტი გახდა.
რონალდომ კლუბის აქციების 51% შეიძინა, ხოლო მასსა და ესპანურ კლუბს შორის €30 მილიონიან ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ბრაზილიელმა პრეზიდენტის პოსტზე კარლოს სუარესი შეცვალა. ეს უკანასკნელი კლუბის სტრუქტურაში დარჩება.
“ვალიადოლიდის“ ყოფილი პრეზიდენტი ხოსე მორო, წარსულში, ღვინის წარმოების სფეროში, რონალდოს პარტნიორი გახლდათ. იანვარში, ბრაზილიელმა ყოველდღიურ ესპანურ სპორტულ გამოცემა “Diario AS”-სთან ისაუბრა და შემდეგი კომენტარი გააკეთა: „მინდა, რომ ესპანეთის ან ინგლისის მეორე დივიზიონის კლუბი ვიყიდო. რაიმე ინოვაციურის განხორციელება მწადია.“
ახლა კი, რონალდო უკვე დარწმუნებულია, რომ კლუბის ნათელი მომავლის გარანტი იქნება და საკუთარ სტატუსსაც განამტკიცებს.
აი, რა განაცხადა 42 წლის ლეგენდამ მომხდართან დაკავშირებით:
„ეს ჩემთვის უმნიშვნელოვანესი დღეა. უკანასკნელ წლებში, მრავალი ეტაპი და პროცესი გამოვიარე, რათა მოვმზადებულიყავი როგორც ფეხბურთისათვის, ასევე მის მიღმა მიმდინარე მოვლენებისთვის. მეამაყება, რომ დღეს სწორედ აქ ვიმყოფები. კლუბის ახალი მენეჯმენტი და მართვა 4 ძირითად პრინციპზე იქნება დამყარებული: კონკურენტუნარიანობა, გამჭვირვალობა, რევოლუცია და საზოგადოება - ჩვენ კარლოს სუარესის დიდი იმედი გვაქვს, ის კლუბში რჩება.“
„ჩვენი მიზანია კლუბის განვითარება, განმტკიცება და უმაღლეს დონეზე აყვანა როგორც მოედანზე, ასევე მოედნის მიღმა. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნულ იდეებსა და მიზნებს განვახორციელებთ.“
„მინდა, რომ კლუბის დაწინაურების მცდელობაში ყველა პირი იყოს ჩართული, განურჩევლად იმისა, იგი კლუბის წევრი იქნება თუ მხოლოდ გულშემატკივარი. დიდი სურვილი მაქვს, რომ გენერირდეს მრავალი იდეა, აზრი, კრიტიკა და იმედი - თითოეულს დიდი როლი აკისრია.“ - ციტირებს რონალდოს მიერ ჟურნალისტებთან ნათქვამ სიტყვებს “Reali.Ge”.
ბოლო სიახლეები