სოლარიმ "ბარსელონასთან" წაგების მიზეზი დაასახელა: "იცით რა არის ფეხბურთი?"
"კოპა დელ რეის" 1/2 ფინალში, "ბარსელონას" წინააღმდეგ განცდილი მარცხის შემდგომ, მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა სანტიაგო სოლარიმ შემდეგი კომენტარი გააკეთა:
"იმის ფონზე, რომ ძალები არ დაგვიზოგავს, მცდელობა არ დავაკელით, ფინალურ სასტვენამდე ვიბრძოლეთ, შანსები შევქმენით და მატჩში ვდომინირებდით, დაფიქსირებული რეზულტატი უაღრესად მტკივნეულია."
"მოედანი მაინც თავაწეულებმა დავტოვეთ, მაგრამ ეს არ გვახარებს. ახლა "ბარსელონას" წინააღმდეგ მომდევნო მატჩისთვის მოვემზადებით. მეტოქემ დაგვანახა თუ რაოდენ ძლიერია. ის შანსები რომ გამოგვეყენებინა, რაც გვქონდა, ახლა ფინალში ვიქნებოდით. თამაშზე საუბარი მრავალი კუთხით შეგვიძლია, კარგად და ორგანიზებულად ვიასპარეზეთ. არ გავჩერებულვართ, არ დავღლილვართ, ენერგიას არ ვუჩივოდით, ბევრი სახიფათო მომენტი შევქმენით, მაგრამ გოლის გატანა მაინც ვერ მოვახერხეთ."
"ფოკუსი მომავალ მატჩებზე გვაქვს. ასევე უნდა განვაგრძოთ და იმედი გვაქვს, რომ გამარჯვებების მოპოვებას შევძლებთ. თავდაუზოგავი შრომა, კარგი ორგანიზაცია, მობილობა... ყველაფერი გვქონდა დღეს... ახლა ერთადერთი რაც გვაკლია, ეს არის გოლები."
"იცით, რა არის ფეხბურთი? ფეხბურთი არის გოლების გატანა და მომენტების რეალიზაცია. ჩვენ ისინი ვერ გამოვიყენეთ, "ბარსელონამ" კი ზუსტად ეს მოახერხა. ამიტომაც, ჩვენს ნაცვლად ახლა კატალონიელები გავიდნენ ტურნირის ფინალში."
"ფეხბურთში დროზე უნდა შეგეძლოს ფეხზე წამოდგომა. მოიგე თუ წააგე, უნდა შეძლო რეაბილიტაცია. უქმეებზე ძალებს აღვიდგენთ და თავდაჯერებულნი უნდა ვიყოთ." - ციტირებს მადრიდის "რეალის" ოფიციალური ვებგვერდი და ესპანური გამოცემა "Football Espana" არგენტინელი თავკაცის სიტყვებს.
შეგახსენებთ, რომ მომდევნო შეხვედრას მადრიდის "რეალი" კვლავ "ბარსელონას" წინააღმდეგ და ისევ "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართავს. ეს მატჩი, რომელიც "ლა ლიგის" ეგიდით გაიმართება, 2 მარტს, ღამით, 23:45 საათზე დაიწყება.
ბოლო სიახლეები