ზინედინ ზიდანის კომენტარი "ხეტაფესთან" შეხვედრამდე
"ლა ლიგის" 34-ე ტურის ეგიდით "ხეტაფესთან" დაპირისპირებამდე, მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებს გაესაუბრა.
აი, რა განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა:
"წინ ძნელი მატჩი გველის. სათანადო ინტენსივობით უნდა ვიასპარეზოთ. "ხეტაფე" წარმატებული გუნდია და მინდა, რომ "რეალის" ფეხბურთელები შეუპოვრად თამაშობდნენ. ბილბაოს "ატლეტიკთან" კარგი მატჩი ჩავატარეთ. ფიზიკურად თავს კარგად გვგრძნობთ და იმავეს განმეორებას შევეცდებით."
"მართლაც, "ხეტაფე" ის გუნდია, რომელიც მის წინაშე არსებულ გამოწვევებს თავს ჩინებულად ართმევს. ისინი ისტორიაში საუკეთესო სეზონს ატარებენ, რაც დიდი შრომის შედეგია. ვიცით, რომ ძლიერ გუნდს დავუპირისპირდებით და უფრო მეტი უნდა მოვინდომოთ, ისე უნდა ვითამაშოთ თითქოს ბოლო მატჩი ყოფილიყოს. ყოველთვის გამარჯვების მოსაპოვებლად ვთამაშობთ და იმავეს შევეცდებით ხვალაც."
"მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებს შესანიშნავად ესმით, რომ ამ კლუბში უნდა ივარჯიშო ბევრი, ასე რომ, ჩემი როლი დიდად არ შეცვლილა. მთავარმა მწვრთნელმა ფეხბურთელების მოსვლასა თუ წასვლაზე უნდა ისაუბროს. პირველ წლებში ბევრი ცვლილებები არ ყოფილა, მაგრამ ამ წელს აუცილებლად იქნება."
"ბენზემას მასზე დაკისრებული ტვირთი არ აწუხებს, სინამდვილეში პირიქითაა. ის თავის საქმეს კარგად ართმევს თავს და საუკეთესო სეზონს ატარებს." - ციტირებს მადრიდის "რეალის" ოფიციალური ვებგვერდი ზიდანის სიტყვებს.
შეგახსენებთ, რომ "ხეტაფე" - "რეალი" 25 აპრილს, 23:30 საათზე დაიწყება.
ბოლო სიახლეები