სოლარიმ განმარტა თუ რატომ არ ათამაშებს ისკოს
შაბათს, "ვალიადოლიდთან" დაპირისპირებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე, ისკო ალკარონსა და სანტიაგო სოლარის ურთიერთობაში კიდევ ერთი მიმართულება გამოიკვეთა.
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა სანტიაგო სოლარიმ ესპანელი ფეხბურთელის ფიზიკური მზადყოფნა დაიწუნა.
"ლოს ბლანკოსის" სათავეში სოლარის მოსვლის შემდგომ, ისკოს სათამაშო დრო აღარ ეძლევა. არგენტინელი სპეციალისტის თქმით, ეს იმიტომ ხდება, რომ ისკო ფიზიკურად არაა სათანადოდ მზად ასპარეზობისათვის.
პირველი კითხვა სოლარის ისკოსა და ავტობუსის ინციდენტის შესახებ დაუსვეს, შემდგომ კი ფეხბურთელის მცირე სათამაშო დროზე ჰკითხეს.
როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ, როდესაც "აიაქსის" წინააღმდეგ გუნდის შემადგენლობა დასახელდა, ესპანელმა ფეხბურთელმა თანაგუნდელებთან ერთად ავტობუსით მგზავრობას, საკუთარი ავტომობილით გადაადგილება არჩია. სავარაუდოდ, ფეხბურთელი სწორედ იმან გააღიზიანა, რომ სოლარიმ იგი განაცხადს მიღმა დატოვა. პარასკევს, თავისი ქცევის გამო ისკომ ბოდიში მოიხადა.
"ავტობუსთან დაკავშირებულ ინციდენტს რაც შეეხება, დისციპლინარულ პრობლემებს კლუბის შიგნითვე, უხმოდ ვაგვარებთ."
"იმისათვის რომ მინდორზე გამოხვიდე და ითამაშო, საჭიროა სწორი ფიზიკური მზადყოფნა. მხოლოდ ის კი არ კმარა კარგ ფორმაში იყო, არამედ უნდა შეგეძლოს და შეინარჩუნო კიდეც." - ციტირებს ესპანური გამოცემა MARCA და AS სოლარის სიტყვებს.
შეგახსენებთ, რომ ორიოდე თვის წინ, ისკომ სოციალურ ქსელში სარკესთან გადაღებული "სელფი" გამოაქვეყნა და მის გამომწერებს კითხვით მიმართა: "მსუქანი ვარ?"
არგენტინელ სპეციალისტსა და ესპანელ ფეხბურთელს შორის დაძაბული ურთიერთობის ძირითადი მიზეზი ახლა უკვე დანამდვილებით ვიცით.
ბოლო სიახლეები