სოლარის მატჩის შემდგომი ინტერვიუ: "ყველაფერი ვცადეთ"
"სანტიაგო ბერნაბეუზე" განცდილი მორიგი მარცხის შემდგომ, სანტიაგო სოლარიმ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან გაისაუბრა.
"ყველაფერი ვცადეთ, არ დავნებდით და ბოლომდე ვიბრძოლეთ. ორივე გუნდისთვის მძიმე და რთული მატჩი იყო. გოლს თუ არ გაიტან, ვერ მოიგებ. კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ და ბევრ კითხვას გავეცით პასუხი, უბრალოდ, თამაში სასურველი შედეგით ვერ დავასრულეთ."
"ნაკლოვანებების აღმოფხვრაზე მუშაობას განვაგრძობთ. მოთამაშეებმა ყველაფერი გააკეთეს რაც ევალებოდათ და ერთიანობა არ დაუკარგავთ. თანაბარი თამაში იყო. ერთადერთი განსხვავება ის აღმოჩნდა, რომ მეტოქემ გოლი გაგვიტანა. რა შანსებიც მოგვეცა უნდა გამოგვეყენებინა. ყველაფერი ვცადეთ, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ."
"ქულებს შორის სხვაობა გაიზარდა, მაგრამ არ დავნებდებით, ბოლომდე ვიბრძოლებთ, ისევე როგორც დღეს. დეფიციტს არ აქვს მნიშვნელობა, ტიტულს ჩემპიონატის ბოლო დღეს იგებ, რადგანაც ჯერ ყველა მატჩი უნდა ითამაშო."
"გარეტ ბეილს "რეალისთვის" ბევრი გაუკეთებია, თუმცა გულშემატკივრებს გამოხატვის თავისუფლება გააჩნიათ. მაქსიმუმი გააკეთა, ისევე როგორც ყველამ. ფეხბურთი გუნდური სპორტია. დაცვასა და შეტევაში ასევე გუნდურად ვმოქმედებდით. თამაში ვერ მოვკალით და ამიტომაც ვერ მოვიგეთ."
"დღეს კარში 20-ჯერ დავარტყით, ყველაფერი ვცადეთ, მაგრამ მეტოქე თავს კარგად იცავდა და გოლი ვერ გავიტანეთ. თუმცა, ჩვენ მცდელობას არ დავაკლებთ, ასევე განვაგრძობთ ბრძოლას. ჩვენი გუნდურობა, სიმტკიცე და თავდადება დასაკარგი რამ არ არის. ამ თვისებებს ვუერთგულებთ."
"წინა "ელ კლასიკოს" დღევანდელზე გავლენა არ ჰქონია. მე როგორც მწვრთნელმა, წინა თამაშის შემდგომ, გარკვეული დეტალები შევცვალე. გვიტევდნენ, მაგრამ მეტოქის პრესინგს გავუძელით. ძალიან რთული ბრძოლა იყო."
"კროოსი, ისევე როგორც მისი თანაგუნდელები, ბოლომდე დაიხარჯა. ვალვერდეს, ვინისიუსს, რეგილონსა და ოდრიოსოლას არაჩვეულებრივი მომავალი აქვთ. ისინი ძალიან ახალგაზრდები არიან."
"შევეცდებით, შემდეგი თამაში მოვიგოთ და გულშემატკივრები გავახაროთ." - ციტირებს მადრიდის "რეალის" ოფიციალური ვებგვერდი არგენტინელი სპეციალისტის სიტყვებს.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში, მადრიდის "რეალი" "აიაქსს" "სანტიაგო ბერნაბეუზე" 5 მარტს, ღამის 23:55 საათზე უმასპინძლებს.
ბოლო სიახლეები